კახა კალაძე - კვლევის გარეშე საუბარი იმაზე, რომ ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობის ადგილი მეწყერსაშიშია, გაუგებარია
თბილისის მერის განცხადებით, კომპანიას, რომელიც ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობას აწარმოებს, შესაბამისი დოკუმენტაცია კანონმდებლობის მიხედვით წარდგენილი აქვს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კვლევის დოკუმენტაციის გარეშე მისთვის გაუგებარია საუბარი იმაზე, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, თბილისის მერია მზად არის აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტი შეისწავლოს.
„ძალიან მარტივია, რომ უნდა იყოს შესაბამისი კვლევის დოკუმენტაცია წარმოდგენილი, რომ ჟვანიას ქუჩაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ტერიტორია არის მეწყერსაშიში ან არსებობს სხვა რაიმე პრობლემა.
ზოგადად, კვლევის გარეშე საუბარი იმაზე, რომ ეს არის მეწყერსაშიში ზონა, გაუგებარია.
დოკუმენტაცია, რომელიც შემოსულია ამ კომპანიის მხრიდან, ყველანაირ ნორმებს აკმაყოფილებს.
თქვენ იცით, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო, შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო იყო და მოთხოვნილია კანონმდებლობის მიხედვით, ამ კომპანიას ჯერჯერობით აქვს წარმოდგენილი. თუ რაიმე პრობლემაა, თბილისის მერია მზად არის შეისწავლოს ამ მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტი“,- განაცხადა კალაძემ.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მთაწმინდის ქედზე სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს.