კახა კალაძე - კვლევების მიზანმიმართული გაყალბება ოპოზიციის დაკვეთით, მათი ჩართულობითა და მონაწილეობით ხდება, ეს არის მცდელობა, საზოგადოებრივ აზრზე მოხდეს მანიპულირება
კახა კალაძე - კვლევების მიზანმიმართული გაყალბება ოპოზიციის დაკვეთით, მათი ჩართულობითა და მონაწილეობით ხდება, ეს არის მცდელობა, საზოგადოებრივ აზრზე მოხდეს მანიპულირება

2012 წლამდე და იქიდან მოყოლებული, კვლევების მიზანმიმართული გაყალბება ოპოზიციის დაკვეთით ხდება, მათი ჩართულობით და უშუალო მონაწილეობით, ეს არის ვიღაცის კაბინეტში, ვიღაცის დავალებით დაწერილი ე.წ. კვლევები, – ამის შესახებ თბილისის მერიმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრი რეალურად არჩევნებზე იკვეთება და როგორც კალაძე აცხადებს, 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის გამარჯვებული პარტია არის „ქართული ოცნება“.

„კვლევებთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მაქვს. რატომ ვარ ასეთი დამოკიდებულებით? 2012 წლამდე და იქიდან მოყოლებული, ყოველთვის ხდება მიზანმიმართული გაყალბება აღნიშნული კვლევების, რომელიც ოპოზიციის დაკვეთით, მათი ჩართულობით და უშუალო მონაწილეობით ხდება. მიზანმიმართულად ხდება საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მოხდენა, მაგრამ რეალურად ხომ ვიცით, ქვეყანაში რა ხდება, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს, როგორი თანადგომა აქვს. ეს არჩევნებზე გამოიკვეთება ყველაზე კარგად და 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის გამარჯვებული პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. ხალხი რეალურად ხედავს და აფასებს იმ საფრთხეებს, რომლებიც ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არსებობს.

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის ინტერესი გაატაროს, ეროვნული ინტერესი და, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესი, დაიცვას მშვიდობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება“. ეს არის ვიღაცის კაბინეტში, ვიღაცის დავალებით დაწერილი ე.წ. კვლევები. ეს არის მცდელობა, საზოგადოებრივ აზრზე მოხდეს მანიპულირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.