კახა კალაძე - კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, ამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით სამი მლნ ლარი გამოიყო
კახა კალაძე - კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, ამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით სამი მლნ ლარი გამოიყო

გავრცელებული ინფორმაცია, რომ პანდემიის პერიოდში თბილისის მერია თითქოს ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კონცერტსა და კულტურულ ღონისძიებას, სიცრუეა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ამ ღონისძიებებს ჰყავს ორგანიზატორები, ხოლო მერია მხოლოდ დაფინანსებას უზრუნველყოფს.

„თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და რა თქმა უნდა, ის არის ვალდებული, დაიცვას ყველა მოთხოვნა და შეასრულოს ყველა რეგულაცია, რომლისკენაც ჯანდაცვის სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ეს გასათვალისწინებელია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შესაბამისად, ინფორმაცია, თითქოს მერია უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, კულტურის სფეროს მხარდაჭერა გაგრძელდება და ამისთვის თბილისის ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარი გამოიყო.

„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით – იქნება ეს კონცერტები, ბენდები, მომღერლები თუ ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები. ამას გავაგრძელებთ, ადამიანებს პრობლემის პირისპირ არასდროს დავტოვებთ, ყველანაირად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ. ამისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ფოტოგრაფებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომართვის შემთხვევაში, მერია მათ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.