კახა კალაძე - კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საზოგადოებას ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი გააცნო, რომელიც კრწანისში ტყე-პარკის მოწყობას ითვალისწინებს.
„კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მწვანე სივრცეების ნაკლებობას განვიცდით. ასევე, გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები და რა თქმა უნდა, ასეთი ტერიტორიების ათვისება-გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღეს წარმოადგინეს გეგმა, თუ რა გაკეთდება ამ ტერიტორიაზე და როგორ განვითარდება კრწანისის ტყე-პარკი. მას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, უზარმაზარი რესურსი. თბილისთან ახლოს არსებული ეს ტერიტორია უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ისეთი სივრცე მოვაწყოთ, სადაც ადამიანს სურვილი გაუჩნდება და შესაძლებლობა ექნება, ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდეს, გაერთოს და მწვანე სივრცეში დაისვენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, საზოგადოებას ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამა წარუდგინეს, რომლის ფარგლებშიც, „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ იმუშავებს. სააგენტოს მთავარი ფუნქცია ბუნებაში ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მონიტორინგი იქნება.
კრწანისის ტყე-პარკში განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორი სააგენტო: „გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი“ და „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოები განხორციელდება და პარალელურად, „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შესული ხე-მცენარეები დაირგვება, რომლებიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. ასევე, შეიქმნება უნიკალური ტყე-პარკი, სადაც წარმოდგენილი იქნება შავიზღვისპირეთიდან შირაქის ნახევარუდაბნოებამდე არსებული ხე-მცენარეები. აქვე მოეწყობა საქართველოს გარეულ ფრინველთა საშენი და მტკვრის აუზის იხტიოფაუნის თევზსაშენი.