კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი ძალიან საშიშია, ვფიქრობ, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს
კოვიდინფექციის გავრცელების თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი ძალიან საშიშია, მათი უპასუხისმგებლო ქმედებები არაერთხელ ვიხილეთ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ცდილობდნენ კოვიდინფექციის გავრცელებას.
„კოვიდინფექციის გავრცელების თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი ძალიან საშიშია. მათი უპასუხისმგებლო ქმედებები არაერთხელ ვიხილეთ. ვფიქრობ, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული. ჩვენ ვნახეთ ბათუმის აქცია და სხვა ბევრი შემთხვევა. გუშინ საოლქო კომისიებთან ვნახეთ, რომ დაახლოებით 20-მდე პირი იყო შეკრებილი და დესტრუქციის მოწყობას ცდილობდა, ნიღბების გარეშე იყვნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის თემა, სადაც პოლიტიკა გვერდით უნდა გადავდოთ. ამ ქვეყნის შვილები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვართ ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ ვიღაცას განსხვავებული მოსაზრება აქვს. ეს არის თემა, სადაც ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს – ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი თუ სხვა პოლიტიკური პარტიის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველას სჭირდება ერთნაირი მოფრთხილება, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა დგას“, – განაცხადა კალაძემ.