კახა კალაძე - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
მომდევნო თვეების განმავლობაში, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს საცხოვრებელი ფართებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში დამატებით, 57 ოჯახი დაკმაყოფილდება.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. 3 000-მდე ოჯახია დაზარალებული, რომელთაც პირობა მივეცით, რომ აღნიშნულ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. მახსოვს, არჩევნების წინ უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, უამრავი ადამიანი მოდიოდა ამ პრობლემით. გულწრფელად ვიტყვი, რომ არავის სჯეროდა, რომ ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. დღეს, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში, საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა.
„ერთდროულად ყველა ოჯახის დაკმაყოფილება ვერ მოხდება. ამიტომ, მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა. ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, პირველ ეტაპზე, იმ ადამიანებისთვის მოხდება ბინების გადაცემა. ჩვენ ასევე, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა ადგილზე და მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც ეს კორპუსები აშენდება, ფართებით დაახლოებით, 300 ოჯახი დაკმაყოფილდება. მინდა, მივმართო ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს წლების განმავლობაში ელოდებოდა და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ასევე, მინდა, იმ 57 ოჯახს მივულოცო, რომელსაც საცხოვრებელ ფართებს დღეს გადავცემთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.