კახა კალაძე - კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა, 1400-მდე პირს კუთვნილი ფართები დაუკანონდა
კახა კალაძე - კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა, 1400-მდე პირს კუთვნილი ფართები დაუკანონდა

საკუთრების დაკანონებისა და კოოპერატიული მშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მერიის მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისის მერიამ დაახლოებით 1400-მდე პირს ათწლეულების განმავლობაში საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონა.

„მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვა დაკანონების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. ესეც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ათეული წლებია კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მისი დაკანონება ვერ მოახერხეს. ჩემი მერობის პერიოდში 1400-მდე პირს კუთვნილი ფართები ერთ ლარად გადავეცით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ მიწა მიიტაცოს და შემდეგ მისი დაკანონება მოითხოვოს. ამას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რითაც დავეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართოს ადგილობრივ რაიონულ გამგეობებს და მიიღებს სრულ ინფორმაციას, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეძლოს კონკრეტული ფართის დაკანონება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების მიმართ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„როდესაც მე ამირჩიეს და ჩვენ შევუდექით საქმიანობას დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. დაახლოებით, 3000-მდე დაზარალებული ოჯახს ჰქონდა ეს პრობლემა. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ეს ოჯახები წლების განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ფართებს ელოდნენ, თუმცა, მათ ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამასთან მიმართებით და დღეს უკვე დაკმაყოფილებული გვყავს 1500-მდე ოჯახი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ამ პირებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ინვესტორთან შეთანხმებით. ჩვენი სამსახურების ჩართულობით ზედამხედველობას ვუწევთ, რომ ამ ადამიანების კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილება მოხდეს. დარჩენილ 1500 ოჯახს კი ვაძლევ პირობას, რომ მათი ეს პრობლემა მათაც მალე მოუგვარდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.