კახა კალაძე - კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ვიხილეთ დესტრუქციული ქმედებები, კარგად ჩანდა მელია და მისი „შპანა“
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ხმების გადათვლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, პროცესის დროს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ხარვეზები გამოვლინდა.
„ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო.
„თუ ვინმეს აქვს რამე კონკრეტული მითითება საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს, ხდება ხმების გადათვლა, ყველა ვაკვირდებით, რომ იქ რამე საგანგაშო არ ამოსულა, ტექნიკური ხარვეზები იყო, რისი გასწორებაც ხდება. თუ დამატებით ასეთი უბნებია, კანონის ფარგლებში, ამის განხილვა და შესწორება კანონის დაცვით უნდა მოხდეს და არა შევარდნებით, დამხობებით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძე ამბობს, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან დესტრუქციული ქმედებები განხორციელდა, რაც მიუღებელია. კალაძე ასევე აცხადებს, რომ ცესკოს-თან აქციის დროს სამართალდამცველებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს.
კახა კალაძე ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„ორი საპროტესტო აქცია ვნახეთ, ერთი რუსთაველის გამზირზე, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი მოსაზრება გამოეთქვათ. მეამაყება, რომ ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე აყვანილი და ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, მაგრამ მეორე ნაწილში დესტრუქციული ქმედებები ვიხილეთ, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან და რაც ხდებოდა, მისაღები არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს ქვეყნის უმრავლესობას არ მოსწონს. სამართალდამცველების მხრიდან კანონის ფარგლებში იყო ქმედებები. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. თუ ვინმეს კითხვები აქვს საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, არსებობს სამართლებრივი გზები და კანონი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე: „კონკრეტულად, ვის გულისხმობთ დესტრუქციულ ძალებში“, კალაძემ უპასუხა: „კარგად ჩანდა მელია და მისი „შპანა“, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა“.
რაც შეეხება საკითხს, იქნება თუ არა ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ოპოზიციის მოთხოვნაზე როგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და ცესკო-ს თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე, კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი შეხვედრისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ გამოთქვამს.
„წინასწარ კომენტარის გაკეთება იმაზე, რაზე იქნება ოპოზიციასთან საუბარი, ცოტა რთული და უხერხულია. როცა შედგება შეხვედრა, დაველოდოთ. ვნახოთ, რაზე იქნება საუბარი ”, – დასძინა კალაძემ.