კახა კალაძე - კონკრეტული აქტორები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან იძახიან „რუსული კანონი“, „რუსული“, თქვით, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ მომავალს?
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით არავის აქვს არგუმენტი, რატომ არის ის ცუდი.
კალაძის თქმით, მმართველი გუნდი კანონთან დაკავშირებით დისკუსიისთვის მზად არის.
„დისკუსიას ვითხოვთ ამდენი ხანია, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა და მეც რამდენჯერ გავაკეთეთ განცხადება, აბსოლუტურად ღია ვართ კანონთან სასაუბროდ, სიღრმეში შევიდეთ. მოიფიქრეს ერთი ფრაზა „რუსული კანონი“ და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავის არანაირი არგუმენტი არ აქვს, რატომ არის კანონი ცუდი. კონკრეტული აქტორები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან იძახიან „რუსული კანონი“, „რუსული“, თქვით, რატომ არის ეს კანონი პრობლემური, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ მომავალს, ღირებულებებს? თქვით და ერთი კონკრეტული არგუმენტი მოიყვანეთ. ხომ შეიძლება, ერთმა დალოცვილმა ადამიანმა თქვას რამე არგუმენტი, რატომ არის პრობლემური კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ეხება?“ – განაცხადა კახა კალაძემ.