კახა კალაძე - კონგრესმენების განცხადებები შინაარსობრივად აცდენილია რეალობას
კონგრესმენების განცხადებები შინაარსობრივად აცდენილია რეალობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა სენატორების, ჯეიმს რიშისა და ჯინ შაჰინის წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართეს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აუცილებელია კომუნიკაცია ამერიკელ კონგრესმენებთან.
„განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, არის რეალობას აცდენილი და ნამდვილად მიუღებელია ეს ტონი კომპანია „ფრონტერაზე“. საქმე არის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. დაველოდოთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიციები. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს კომპანიებს და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, აუცილებელია მუშაობა, შინაარსობრივად განცხადებები, რეალობას არ შეესაბამება. როცა არის საუბარი რომ ჩვენ მივისწრაფვით რუსეთისკენ, სასაცილოა ნამდვილად. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც 2012 წლის მერე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში და ვაგრძელებთ ამ კურსს, რეფორმებს და კონკრეტული პროექტების განხორციელებას, რათა სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, ჩვენ მივაწვდით რეალურ ინფორმაციას. ამ ადამიანებს აქვს ცალმხრივი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. აუცილებელია კომუნიკაცია კონგრესმენებთან“ ,- განაცხადა კალაძემ.