კახა კალაძე - კომპრომისს ვერ დავუშვებთ, განსაკუთრებით, როცა საქმე პატარებს ეხებათ
კახა კალაძე - კომპრომისს ვერ დავუშვებთ, განსაკუთრებით, როცა საქმე პატარებს ეხებათ

ჩვენ კომპრომისს ვერ დავუშვებთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებათ პატარებს. ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებული მთავრობა და შესაბამისად ყოველთვის ვიქნებით მომთხოვნები, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საბავშვო ბაღებში კვების პრობლემას.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერიის მთავარი მოთხოვნა არის მაღალი ხარისხი.

მისივე თქმით, მონიტორინგის სამსახურის მიერ ფაქტის გამოაშკარავებისთანავე საკვები პროდუქტის ნიმუშები ლაბორატორიაში გაიგზავნა და შედეგები დედაქალაქის მთავრობას რამდენიმე საათში აცნობებენ.

რაც შეეხება კომპანიას, რომელიც საბავშვო ბაღებში კვებაზეა პასუხისმგებელი, თბილისის მერი ამბობს, რომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულება დროებითია, რადგან ტენდერით გათვალისწინებული დოკუმენტები კომპანიამ სრულად ვერ წარადგინა.

“ვერ შევეგუებით ვიღაცამ რაღაც წაიხალტუროს განსაკუთრებით როცა ეხება ბავშვებს. როდესაც ჩვენმა მონიტორინგის სამსახურმა გამოააშკარავა პრობლემა, პროდუქტი ამოვიღეთ და გადავაგზავნეთ ლაბორატორიაში, უახლოეს საათებში მივიღებთ დასკვნას. რაც შეეხება კომპანიას, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება დროებითია და ტენდერი თავიდან უკვე გამოცხადებულია”, – განაცხადა კახა კალაძემ.