კახა კალაძე კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ დაზარალებულ მენაშენეებს შეხვდება
თბილისის მერი კახა კალაძე დღეს კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ დაზარალებულ მენაშენეებს შეხვდება. შეხვედრა დღის მეორე ნახევარში შედგება.
როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მერია მათ თანადგომას უცხადებს და თავის მხრივ, შეეცდება მენაშენეების პრობლემა გადაჭრას. კახა კალაძის თქმით, მისი მოადგილე რამდენჯერმე უკვე შეხვდა დაზარალებულ მენაშენეებს.
„რაც არის მერიის მხრიდან გასაკეთებელი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა კომპანიას რა ფინანსური მდგომარეობა აქვს, მე ამაზე გამიჭირდება ახლა საუბარი. თუ მერიის მხრიდან არის რაიმე გასაკეთებელი, ჩვენი მხრიდან იქნება სრული თანადგომა. ზარალის დაბრუნებას რაც შეეხება, ამას მერია თავის თავზე ვერ აიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დაზარალებული მენაშენეები მეხუთე დღეა შიმშილობენ. მენაშენეები მათსა და ახალ ინვესტორს შორის შუამავლობას მერიისგან ითხოვენ. ისინი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ კომპანიას ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, შეეცვალა სამშენებლო კომპანია, თუკი ის მშენებლობის დასრულებას ვერ შეძლებდა.
მენაშენეები იმედს გამოთქვამენ, რომ შეხვედრაზე კონსენსუსი იქნება მიღწეული.
საქმე ეხება ექვს მშენებარე ობიექტს, მათგან ხუთი თბილისში, ერთი კი ბათუმშია. დაზარალებული მენაშენეები კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ ოფისში მეხუთე დღეა შიმშილობენ.