კახა კალაძე - კომპანია „სისტრას“ გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების ზოლები ქუჩის შუაში იქნება
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრას“ გადაწყვეტილებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ავტობუსების ზოლები შუაში განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების დროს, ფეისბუქლაივისას განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისად იგეგმება ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
„კომპანია „სისტრამ“, რომელიც მუშაობს ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ავტობუსის ზოლები ქუჩის შუა ნაწილში იქნება განთავსებული. შესაბამისად, ასევე მოეწყობა ინფრასტრუქტურა, თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა გადასასვლელებით, რათა ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ, შეძლონ გაჩერებიდან ქუჩის ერთ ან მეორე მხარეს გადასვლა.
საინტერესო წინადადებაა. ამ მიდგომით აქვთ გაკეთებული, რომ შუაში იყოს ავტობუსის ზოლები და გვაჩვენეს, როგორი იქნება გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე, მარჯვნივ და მარცხნივ ველობილიკები განთავსდება.
სიახლეა ისიც, რომ ქუჩაზე ნარჩენების გადაყრა შესაძლებელი იქნება მიწისქვეშა კონტეინერებში, რომლებიც სპეციალურ პლატფორმაზე განთავსდება და იქნება დამალული.