კახა კალაძე - კომპანია, რომელმაც ჯორჯ ბუშის ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო, არაკეთილსინდისიერების გამო გავაძევეთ, მუშაობას სხვა კომპანია აგრძელებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანია, რომელმაც თბილისში, ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო გააძევეს და ის უკვე ჩანაცვლდა ახალი კომპანიით, რომელიც ბუშის ქუჩაზე სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაასრულებს.
„კომპანია, რომელიც მუშაობდა და მოგებული ჰქონდა ტენდერი, იყო არაკეთილსინდისიერი თავის საქმიანობაში. ის გაძევებული იქნა. ამ სამუშაოებს სხვა კომპანია გააგრძელებს და დაასრულებს ძალიან მალე. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ბევრია ასეთი კომპანია, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სამუშაოებს, ისინი ვერ ასრულებენ იმ პირობებს, რაც ტენდერშია მოცემული”,- განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საპასუხოდ გააკეთა. საუბარია ლევან ხაბეიშვილის ბრალდებაზე, რომელშიც ის ამბობს, რომ მერიის მიერ 17 მაისს ახალ კომპანია „გრინსერვისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ბუშის ქუჩაზე სამუშაოები არაუგვიანეს ხუთი დღის ვადაში უნდა დაეწყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.
„შეიძლება ხაბეიშვილს უნდოდეს, რომ ეს პროექტი ჩავარდეს და არ განხორციელდეს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. „გრინსერვისი” სამუშაოებს ატარებს და ძალიან მალე იქნება დამთავრებული ყველანაირი სამუშაოები“,- განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ მედიასთან თბილისში კიდევ ერთი პროექტის დაწყება დააანონსა.
„გარდა ამისა, ჩვენ ვიწყებთ აეროპორტის გადასახვევიდან, აეროპორტამდე მისასვლელი გზის სრულ რეაბილიტაციას. ამასთან დაკავშირებითაც მომავალ კვირას უკვე მოგაწვდით სრულ ინფორმაციას“,- განაცხადა კახა კალაძემ.