კახა კალაძე -კომპანია „რამბოლს“ ვაძლევთ საშუალებას, ჩაატაროს კვლევა სატრანსპორტო სტრატეგიაზე, დარწმუნებული ვარ, კარგ დოკუმენტს დადებენ ჩვენი ქალაქისთვის
კახა კალაძე -კომპანია „რამბოლს“ ვაძლევთ საშუალებას, ჩაატაროს კვლევა სატრანსპორტო სტრატეგიაზე, დარწმუნებული ვარ, კარგ დოკუმენტს დადებენ ჩვენი ქალაქისთვის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას თანმიმდევრულად ახორციელებს. კალაძის თქმით, პირველი ეტაპი იყო ავტობუსების პარკის განახლება და დღეს დედაქალაქს ჰყავს ახალი, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კალაძის განმარტებით, რეფორმის შემდეგი ეტაპი იყო ინფრასტრუქტურული მოწესრიგება.

„2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, საზოგადოებას ჩემს თანაგუნდელებთან ერთად წარვუდგინე დარგის სპეციალისტებთან ერთად შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა, რა უნდა გაკეთებულიყო წლების განმავლობაში, როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს რეფორმა. როდესაც დავიწყეთ მუშაობა და მოგვეცა ამის ოფიციალური უფლებამოსილება, პირველივე დღესვე დავიწყეთ ამ ყველაფრის განხორციელება. ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრული, დაწყებული ჩემი პრეზენტაციით, გადასადგმელი ნაბიჯები, რაზეც ვსაუბრობდი თანმიმდევრულად, ეტაპობრივად მივყვები ყველაფერს: პირველი იყო ავტობუსების პარკის განახლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დავიწყეთ ამ მიმართულებით გეგმის განხორციელება და დღეს დედაქალაქს ჰყავს ახალი, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მათ შორის მიკრო ავტობუსები.  ამ რეფორმის შემდეგი ეტაპი იყო ინფრასტრუქტურული მოწესრიგება, რათა ავტობუსმა და მიკროავტობუსმა დედაქალაქში სხვადასხვა ქუჩაზე, გამზირებზე, უბნებში შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რათა იყოს ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოიყენოს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რთული რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, 2019 წელს გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია „რამბოლთან“ სატრანსპორტო სტრატეგიასთან დაკავშირებით, თუმცა პანდემიის გამო, გარკვეული პრობლემები შეექმნა კომპანიას. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას და აძლევს შესაძლებლობას კომპანიას, კვლევა ჩაატაროს და წარადგინოს ხედვები, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო 20 წლის განმავლობაში.

„2018 წელს ჩვენ მივიღეთ ფრანგული კომპანია „სისტრას“ კვლევა სამარშრუტო ქსელებთან დაკავშირებით. ეს ორი დოკუმენტი ერთობლივად დავდეთ და დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. პარალელურად, 2019 წელს გავაფორმეთ ხელშეკრულება კომპანია „რამბოლთან“, რათა დაიდოს სატრანსპორტო სტრატეგია მომდევნო 20 წლის განმავლობაში რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა განვახორციელოთ ყველაფერი, რა ცვლილებებია საჭირო. პანდემიის გამო, გარკვეული პრობლემები შეექმნა კომპანიას. ამასთანავე, ამ ყველაფერში ჩართულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია „აზიის განვითარების ბანკი“, რომლის მხარდაჭერითაც ხორციელდება არსებული პროექტი. ჩვენ არ ვამბობთ უარს, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს და მივიღოთ კვლევა. ასე რომ, დედაქალაქის მერია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას და აძლევს შესაძლებლობას კომპანიას, კვლევა ჩაატაროს და წარადგინოს კონკრეტული ხედვები, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო 20 წლის განმავლობაში.

დამეთანხმებით, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის სტატიკური, ჩვეულებრივი დოკუმენტი. ეს არის ცოცხალი პროცესი, გრძელვადიანი პროცესი და ამას ყოველთვის დასჭირდება ანალიზის გაკეთება, გარკვეული ცვლილებების შეტანა. ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიამ დადოს 20 წლის განვითარების გეგმა და ამას უნდა გავყვეთ, ყოველწლიურად დასჭირდება გარკვეული შესწორებების შეტანა, გარკვეული ცვლილებები, ეს ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია. ქალაქი იზრდება, ვითარდება და ამას სჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში ზედამხედველობა. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ამ კომპანიას, არ ვწყვეტთ ხელშეკრულებას. შეგვიძლია, გავწყვიტოთ, მაგრამ არ ვაკეთებთ ამას. ვაძლევთ კიდევ შესაძლებლობას. „რამბოლი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ დოკუმენტს დადებენ ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.