კახა კალაძე - კომპანია „რამბოლმა“ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთაც შესაბამისი კვლევები და ანალიზი სჭირდებათ
კახა კალაძე - კომპანია „რამბოლმა“ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთაც შესაბამისი კვლევები და ანალიზი სჭირდებათ

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის სატრანსპორტო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომპანია „რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი დამატებით კვლევებს საჭიროებს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები მხოლოდ დამატებითი ანალიზის საფუძველზე მიიღება, რომელთაც შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

„რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი რეკომენდაციებია, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი დამატებითი კვლევები. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ეს 20-წლიანი სტრატეგიაა. კვლევაშიც პირდაპირაა მინიშნება, რომ ყველა მიმართულებაზე დეტალური ანალიზია საჭირო. ჩვენთვის ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა და მიმართულება პრიორიტეტული საკითხი და ერთ- ერთი მნიშვნელოვანი თემაა. სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება დედაქალაქის მერიამ 2017 წელს დაიწყო, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციების საფუძველზე, დამატებითი კვლევები და პროექტები თანმიმდევრულად განხორციელდება.

„კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური კვლევებია ჩასატარებელი, რომელებიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა განახორციელონ. მაგალითად, ავიღოთ ტრამვაი. გვესმის, რომ ტრამვაი გასაკეთებელია, მაგრამ ამას ხომ სჭირდება დეტალური ანალიზი და პროექტი? რა თქმა უნდა, კვლევები და პროექტიც თანმიმდევრულია – რაღაცას აკეთებ, შემდეგ მეორე ნაბიჯია გადასადგმელი. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის გუნდი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტრამვაი წაართვა თბილისელებს. არ ვიცი იმაზე დიდი მოღალატეობრივი ქმედება რა უნდა იყოს, როდესაც შენს ქალაქს ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ართმევ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.