კახა კალაძე - კოალიციურ და ჩრდილოვან მთავრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება დიდი ბლეფია
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კოალიციურ და ჩრდილოვან მთავრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ბლეფს უწოდებს.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციურ, ჩრდილოვან მთავრობაზე საუბრობს. გეგმავენ, ხვალ დაასახელინ მისი წევრები. თქვენ როგორ უყურებთ ამ იდეას?“.
„ესეც ძალიან დიდი ბლეფი, ძალიან დიდი ტყუილია. პირველი, მინდა, ვთქვა, რომ მეორე ტურში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით. არ იფიქროს ვინმემ, რომ რამეს ვტრაბახობ, ან რაღაცის ზემოდან ვიყურები და იქიდან ვაკეთებ განცხადებას. ამის თქმის უფლებას მაძლევს იმ ჩვეულებრივი, რიგითი თბილისელების, რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერა, ვისაც უხარია და მოსწონს ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება. ის, რაც ჩვენ წარვუდგინეთ მოსახლეობას, არის შეუქცევადი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას ვერავინ შეაჩერებს.
„ქალაქის განვითარებას, ქალაქის აღმშენებლობას ვერავინ შეაჩერებს, ვერანაირი ქაოსი, ვერანაირი დესტრუქცია, ვერანაირი ბოროტება, რომელიც მათი მხრიდან არის წარმოდგენილი“, – დასძინა კახა კალაძემ.