კახა კალაძე - კლდეებს დამჭერი ბადეებით ვამაგრებთ
კახა კალაძე - კლდეებს დამჭერი ბადეებით ვამაგრებთ

კლდეებს დამჭერი ბადეებით აქტიურად ვამაგრებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, სპეციალურმა დამჭერმა სისტემამ ჩამოცვენილი ქვა მნიშვნელოვნად შეაკავა.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით თამარ მეფის ხიდთანაც, სადაც ანალოგიური პრობლემა გვაქვს და იქ გაკეთდა სპეციალური დამჭერი სისტემა, ასეთივე გაკეთდა თამარაშვილზე და ამან ძალიან კარგად იმუშავა, დაიჭირა ჩამოცვენილი ქვა, თუმცა ძალიან დიდი მასა იყო წამოსული. შემდგომი სამუშაოებისთვის უნდა გაკეთდეს ანალოგიური დამჭერი ბადე, რომ ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ. სადაც არის ანალოგიური პრობლემები, გვაქვს ერთი და იმავე მიდგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, კლდის სპეციალური ბადით გამაგრების სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ნაწილობრივ გადაკეტილი იყო უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით. მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, ადგილზე სააგენტოს გეოლოგები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამთენიისას სამუშაოებში მთამსვლელთა ჯგუფი ჩაერთო, რომლებმაც სრულად გაასუფთავეს ფერდობი. მისი თქმით, ახლა გადაადგილება უსაფრთხოა.