კახა კალაძე - კითხვაზე, რა არის კანონპროექტში პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლისგან პასუხად მივიღეთ - „იმიტომ“, ეს არის საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობა
ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს, რომ აღნიშნული კანონის შინაარსში არ აპირებს შესვლას და მის პუნქტობრივ განხილვას, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლასთან დაკავშირებით.
კახა კალაძის თქმით, ვერავინ ამბობს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და რატომ არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრობლემური.
„არაერთი შანტაჟი და მუქარა მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა კონკრეტულ კითხვას ვერავინ ვერ სცემს პასუხს და ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა მოყვანილი, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. ათასი განცხადება მოვისმინეთ სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან, თუმცა ვერ გამოიძებნა ერთი კონკრეტული ადამიანი, ვინც შეიძლება ახსნას, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი და ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდეს.
დღეს ასევე ვუყურებდი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში ვეტოსთან დაკავშირებით და ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ნამდვილად შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს, რომ აღნიშნული კანონის შინაარსში არ აპირებს შესვლას და მის პუნქტობრივ განხილვას. მე ვფიქრობ, საზოგადოება ხვდება და ხედავს რეალობას, თუ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არგუმენტირებული დასაბუთება ვერც ვენეციის კომისიისგან მოისმინა.
„თქვან, კონკრეტულად რა არის და რატომ არის პრობლემური. ამ კითხვაზე, თუ რა არის კანონპროექტში პრობლემური, ჩვენ მივიღეთ ერთი პასუხი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან და პასუხი იყო: „იმიტომ“. ეს არის საზოგადოების და ქვეყნის მოსახლეობის მასხრად აგდების მცდელობა. გვითხრან, რა არის პრობლემა, რა კონკრეტული არგუმენტი არსებობს. ამას ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვფიქრობდით, რომ ვეტოს ფარგლებში წარმოდგენილი იქნებოდა შინაარსობრივი დასაბუთება, ვენეციის კომისიიდან ველოდით, რომ შინაარსობრივი შენიშვნები ექნებოდათ, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მესიჯები იყო გაჟღერებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.