კახა კალაძე კიევში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე კიევში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების მნიშვნელობას და პარტნიორობის კიდევ უფრო გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.
„გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა ეს ურთიერთობა. ესაა მრავალწლიანი მეგობრობა და ვფიქრობ, რომ მისი გაღრმავების უფრო დიდი შესაძლებლობებიც გვაქვს. ამ საკითხზე უკვე ვისაუბრე კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო მიღებას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, უკრაინის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კიევის მერის თქმით, ის კახა კალაძესთან ერთად თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იზრუნებს.
„მე და კახა კალაძე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები გაღრმავდეს, გახდეს უფრო თბილი და მეგობრული. მჯერა, რომ ქართველებს და უკრაინელებს შემდგომი წინსვლის უდიდესი პოტენციალი გვაქვს“, – აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.