კახა კალაძე - ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში მატარებენ, რადგან დიდი გამზირების, ქუჩების რეაბილიტაციის პროექტები ტრანსპორტის შეფერხებასაც იწვევს, მაგრამ ხვალ მომავალი თაობები მადლობას გვეტყვიან
კახა კალაძე - ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში მატარებენ, რადგან დიდი გამზირების, ქუჩების რეაბილიტაციის პროექტები ტრანსპორტის შეფერხებასაც იწვევს, მაგრამ ხვალ მომავალი თაობები მადლობას გვეტყვიან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გადაადგილების შეფერხებას იწვევს როგორც კერძო ავტომანქანების მოხმარების მაღალი მაჩვენებელი, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩაკეტილი ქუჩები.

მისი თქმით, ხშირად აკრიტიკებენ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ამის გამო ქუჩების ჩაკეტვისთვის, რაც, ბუნებრივია, ქმნის ე.წ. საცობს, თუმცა, ეს ყველაფერი კეთდება ქალაქის განვითარებისთვის.

„დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია. პიკის საათებში დაახლოებით, 640 000 ავტომანქანა გადაადგილდება, მაშინ როდესაც 2014 წელს 180 000 გადაადგილდებოდა. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 47%-ს ჰყავს კერძო ავტომანქანა, მაგრამ გამოყენება არის საკმაოდ მაღალი – 97%-იანი. ჩნდება კითხვა, რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მოწესრიგება, მეტი საავტობუსო ზოლის შექმნა.

რა თქმა უნდა, ქალაქში გადაადგილებას ხელს უშლის დიდი გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაცია და ჩაკეტვაც. იცით, რომ სხვანაირად პროექტებს ვერ განვახორციელებთ, მიწისქვეშა კომუნიკაციებს თუ არ მოვაწესრიგებთ და ყველაფერს თუ არ განვაახლებთ. ხალხი ხშირად სვამს კითხვას, როდის გვეშველება და დამთავრდებაო. წერეთლის გამზირსა და უნივერსიტეტის ქუჩას რომ დავასრულებთ, შემდეგ გასაკეთებელია ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირები, ცენტრალური ქუჩები. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებას ყურადღებას არავინ აქცევდა. მესმის, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მხვდა წილად, ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში მატარებენ, მაგრამ ამის პრობლემა არ მაქვს. მთავარია გავაკეთოთ, რადგან ხვალ მომავალი თაობები გვეტყვიან მადლობას იმ გაკეთებულ პროექტებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია და აქ მომუშავე ადამიანები ახორციელებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში დაწყებულია საავტობუსო ზოლების მოწყობა და ახლო მომავალში მოხდება 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა.

„გარკვეული მონაკვეთები გვაქვს, სადაც წრე უკვე შეკრულია. მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი და აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი გადაადგილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რათა უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ და დღეს რაც გვაქვს პრობლემა – გადაჭედილი ავტობუსები, მოცდის დრო, ეს მოვაწესრიგოთ.

ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთთან კავშირში. ქუჩებში სამუშაოები მიმდინარეობს და გადათხრილია. ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებასაც იწვევს. გვესმის, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ უარი რომ ვთქვათ იმ სამუშაოების წარმოებაზე, რომელსაც ვაკეთებთ, საქმე ნახევრად გაკეთებული იქნება და უფრო მეტ კრიტიკას დავიმსახურებთ. რადგან ვაკეთებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას, სჯობს, ისე გავაკეთოთ, რომ ამ ინფრასტრუქტურამ ათეულ წლებს გაუძლოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.