კახა კალაძე "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებაზე - მერია ხელს შეუწყობს ინვესტორებს
თბილისის მერი კახა კალაძე “ხრუშჩოვკების” ახალაშენებული კორპუსებით შეცვლის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ მერია ხელს შეუწყობს ინვესტორებს.
კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორსა და “ხრუშჩოვკებში” მცხოვრებ ადამიანებს შორის თანხვედრა იყოს.
“ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ დახმარება და ხელშეწყობა. ამასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნოდაც ვისაუბრე და სავსებით შესაძლებელია ამ პროექტების განხორციელება, შეთავაზება უნდა მოხდეს სამი მიმართულებით: პირველი ეს არის ფართების პირდაპირი გამოსყიდვა, მეორე – სხვა რაიონში კონკრეტული ფართის შეთავაზება, მესამე – “ხრუშჩოვკების” ადგილას იგივე ფართის შეთავაზება”, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისში, “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებას კომპანია m2 გეგმავს.
კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ბურდილაძის განმარტებით, უკვე შერჩეულია კონკრეტული ლოკაცია. საუბარია ვაჟა ფშაველას კვარტლებსა და ქავთარაძის ქუჩაზე.