კახა კალაძე - ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს
ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ პარტიულ აქტივს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა. ამასთან აღნიშნა, რომ სიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქტივს აქვს, მისი გამოყენება სრულიად კანონიერია.
„ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს. მოქალაქეები აქტიურად მიდიან საარჩევნო უბნებზე და საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ.
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს ყველა საარჩევნო ოლქში, ვმობილიზდეთ და ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ. შესაძლო პროვოკაციების მიუხედავად, მშვიდად,მშვიდობიანად მივიყვანოთ პროცესი გამარჯვებამდე. განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩემს თბილისელებს, ჩემს მთაწმინდელებს, მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, რათა მთაწმინდაზე არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დავასრულოთ. ამისთვის, თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქვე, მივმართავ ჩვენს აქტივს. პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ გაწეული საქმისთვის, თქვენი შრომა ფასდაუდებელია! დაწყებული საქმე ბოლომდეა მისაყვანი და ჩვეულ რეჟიმში, მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა.
რაც შეეხება ე.წ. ფოტოსურათებიან სიებს, რომელსაც ცესკო ყველა პარტიას ურიგებს, ის რა თქმა უნდა პირად ნომერს არ შეიცავს და მისი გამოყენება საარჩევნო კოდექსის თანახმად, სრულიად კანონიერია! ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს აქტივს, ჩვენს თანაგუნდელებს, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, იმუშავეთ მშვიდად, ღიად და თავისუფლად. თუკი ვინმე ხელის შეშლას ეცდება, მიმართეთ შესაბამის სამსახურებს. მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, გავაკეთოთ მობილიზაცია და სულ მალე, კიდევ ერთხელ, ღირსეულად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა კახა კალაძემ.