კახა კალაძე - ხელშეკრულება ისეთ კომპანიასთან გაფორმდება, რომელიც ბაღებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს მიაწვდის
ხელშეკრულება ისეთ კომპანიასთან გაფორმდება, რომელიც ბაღებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს მიაწვდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე ხელშეკრულება ფორმდება კომპანია „ვითისთან“.
როგორც კალაძემ აღნიშნულის შესახებ კითხვაზე განაცხადა, კომპანია „ვითის“ შესახებ არაფერი სმენია.
„ტყუილია ეს და მოსახლეობა არ მოატყუოთ. ალბათ შეცდომაში შეგიყვანეს, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რამდენიმე კომპანიაა, ინფორმაციას მოგაწვდით ვისთან გაფორმდება კონკრეტულად ხელშეკრულება, დასამალი არაფერია. ისეთ კომპანიასთან იქნება ხელშეკრულება გაფორმებული, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს მოწოდებას უზრუნველყოფს. ახლა ბაღები ახორციელებს შესყიდვებს, რომ არ შეჩერებულიყო ეს პროცესი. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მშობლებს ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ არსებობდა, არ არსებობს და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ეს კომპანია პირველად მესმის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რის მიზეზადაც კომპანიის მიერ მომარაგების პროცესში არსებული შეფერხებები დასახელდა. შესაბამისად, ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, საკვებით მომარაგება თავად ბაგა-ბაღებს მოუწევთ.