კახა კალაძე -  ხელს არავის დავაფარებთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ
კახა კალაძე -  ხელს არავის დავაფარებთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ

ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა წარმოადგენდეს. კანონის წინაშე ჩვენ ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. მე, რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმციას არ დავარღვევ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ადამიანების ადგილი ჩვენთან არ არის,ვისაც რაიმე გადაცდომა ექნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე გუშინ დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

„2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 3500 ამერიკული დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.