კახა კალაძე - ხელისუფლებისა და ხალხის ერთად დგომის გარეშე არაფერი გამოვა, მხოლოდ ერთიანი, ეფექტური ნაბიჯებით შევძლებთ, ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი
ხელისუფლებისა და ხალხის ერთად დგომის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან მხოლოდ ერთიანი, ეფექტური ნაბიჯებით შევძლებთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის, მთელი ქვეყნისთვის ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესი და წარმატებული იყოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველო, მისი თითოეული კუთხე განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეულია.
„ამაში არაფერია უცნაური, თუმცა, ნამდვილად „უცნაურია“, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, ის დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა, რაც ადამიანს რაჭის მიმართ უჩნდება, თუკი ერთხელ მაინც ეწვევა ამ ლამაზ და გულღია ხალხით დასახლებულ მხარეს, სადაც სტუმარ-მასპინძლობაც განსაკუთრებული იციან. ხვანჭკარის არ იყოს, რაჭაში სტუმრობა ყველას გულში განსაკუთრებულ კვალს ტოვებს და ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ასე მოიჩქარიან ამ საოცრების საკუთარი თვალით სანახავად და მდიდარი რაჭული გასტრონომიული კულტურის შესაცნობად. სამწუხაროდ, არცთუ შორეულ წარსულში, ეს საოცარი მხარე ბედის ანაბარა იყო მიტოვებული. თუმცა, 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამეთანხმებით, რომ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ და ამ დროიდან მოყოლებული, როგორც მთლიანად რაჭაში, ისე კონკრეტულად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის, მევენახეობის, თუ სხვა მიმართულებებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც საბოლოოდ, მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული.
„თქვენთან ერთად მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ჩვენ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელთა დაძლევით არა მხოლოდ რაჭა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, არამედ მთელი საქართველო ბევრად უფრო წარმატებული და განვითარებული იქნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთად დგომის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან მხოლოდ ერთიანი, ეფექტური ნაბიჯებით შევძლებთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის, მთელი ქვეყნისთვის ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესი და წარმატებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.