კახა კალაძე - ხელისუფლებაში ყოფნისას, სააკაშვილი დაკავებული იყო რეპრესიებით, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს ჯოჯოხეთს უწყობდა და ახლა ფიქრობს, რომ სხვებიც იმავეს მკადრებლები არიან
სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისას დაკავებული იყო რეპრესიებით, პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს ჯოჯოხეთს უწყობდა, გაიხსენეთ, ტელევიზიებთან რა დამოკიდებულება ჰქონდა. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმავეს მკადრებლები არიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „სააკაშვილის წერილში საუბარია იმაზეც, რომ „ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ და ეცდება, ეს მაქსიმალურად დიდი სკანდალების ფონზე მოხდეს, რათა პუტინის მხრიდან დაფასებული იყოს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. ასევე, გეგმავს დაიწყოს რეპრესიები მედიასთან მიმართებით. რა აძლევს სააკაშვილს ამის თქმის საშუალებას?“.
„ყველა ადამიანი ისე ფიქრობს, რისი გამკეთებელიც არის. სააკაშვილი რომ ავიღოთ, ხელისუფლებაში რომ იყოს, რისი გამკეთებელიც არის, იმას ფიქრობს და საუბრობს. გვახსოვს, როდესაც ხელისუფლებაში იყო, რით იყო დაკავებული – რეპრესიებით, განსხვავებულ აზრს დევნიდა, პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს ჯოჯოხეთს უწყობდა, რამდენი არაკანონიერად დაპატიმრებული ადამიანი გვყავდა. გაიხსენეთ, ჟურნალისტებთან და ტელევიზიებთან რა დამოკიდებულება და მიდგომები ჰქონდა. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ სხვებიც, სხვა კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლები იმავეს მკადრებლები არიან, რასაც თვითონ და თავისი ხელისუფლება აკეთებდა. ეს არის მათი უბედურება, და ის, რომ ვერ ხვდებიან, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, ვინც ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე. თუნდაც ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, თუ რამე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ, ეს ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და იმ გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.