კახა კალაძე - ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე
ჩვენ განვამტკიცეთ ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც არის საფუძველი ქვეყნის სწორად განვითარების და საიმედო გარანტი იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ის პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, ჩაგრავდა მათ და აყენებდა შეურაცხყოფას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
„პირველ რიგში, პოლიტიკური გუნდის სახელით, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი ძალიან მნიშვნელოვანია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. დაგეგმილი კეთილდღეობის მისაღწევად, დღეს სწორი მიზნების დასახვა, სწორი არჩევანის გაკეთება და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას – ირგვლივ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, ოკუპირებული ტერიტორიები, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე, წლობით, ათწლეულობით ნაგროვები პრობლემები.
ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, არა დაყოფა, მტრობა, მუდმივი არეულობის მცდელობა, არამედ ერთად დგომა, კონსტრუქციული ძალების თანამშრომლობა და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური დისკურსი გვჭირდება.
ჩვენმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. ადამიანებს ყოველდღიური ძალადობისა და წნეხისგან ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, მედია და ბიზნესი გათავისუფლდა, ყველას შეუძლია აზრის და პოზიციის გამოხატვა შიშისა და თვითცენზურის გარეშე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის, პენიტენციური სისტემის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში.
„ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროპულ სივრცეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია. მიღწეულით, რა თქმა უნდა, არასდროს ვართ კმაყოფილი. ახალი მიზნები უნდა დავისახოთ, ახალი ოცნებების რეალიზებაზე ვიმუშაოთ ერთიანი ძალისხმევით და საზოგადოების კონსოლიდაციით. ამ მიზანსწრაფულობაზე დგას მმართველი გუნდის სიძლიერე, ერთობა ხალხთან და ჩვენი სამშობლოს სწრაფი განვითარება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ წლების განმავლობაში. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობას, თავი არ დაუზოგავს, რომ ეს ქვეყანა უკეთესი ყოფილიყო ვიდრე წლების წინ – თავისუფალი, მშვიდობიანი, საკუთარი მოქალაქეების, ადამიანის, სიცოცხლის დამფასებელი და რაც ყველაზე მთავარია, მომავალზე ორიენტირებული. ჩვენ განვამტკიცეთ ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც არის საფუძველი ქვეყნის სწორად განვითარების და საიმედო გარანტი იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ის პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, ჩაგრავდა მათ და აყენებდა შეურაცხყოფას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სპორტის სასახლეში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.