კახა კალაძე - ხელისუფლებას აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა
რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადების შესახებ ჰკითხეს.
„გია ვოლსკის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. სამწუხაროა და ძალიან მძიმეა, რა შედეგიც მივიღეთ, ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ამ ყველაფრის თავიდან აცილება და ის პოლიტიკა, რასაც ისინი ატარებდნენ. შედეგები ვნახეთ, რასაც დღეს ვიმკით არის უმძიმესი, თუმცა ჩვენ უნდა მოვახერხოთ ტერიტორიების დაბრუნება მშვიდობით, განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსი გამოაქვეყნა. ვოლსკი 9 პუნქტს გამოყოფს. უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ „სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა; ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები; განზრახ გაწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა“.