კახა კალაძე - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიესალმება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს.
„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, შესრულდეს. ერთ-ერთი ნაწილი არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ესეც მიღებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ გუშინ განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია“.