კახა კალაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა 12 რეკომენდაცია იყოს შესრულებული, გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე
კახა კალაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა 12 რეკომენდაცია იყოს შესრულებული, გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა 12 რეკომენდაცია, ე.წ გზამკვლევი, იყოს შესრულებული და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ევროპელ პარტნიორები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და საქართველო 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს.

ეს ჩვენი ქვეყნის დამსახურება იქნება, რადგან ამ რთულ გზაზე ხელშესახები ცვლილებები და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები, რაც იყო გაკეთებული, ეს ასოცირდება 2012 წლის შემდეგ პერიოდთან და აღნიშნული 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს, ყველაფერი იქნება გაკეთებული. გადაწყვეტილებას რაც შეეხება, დამოკიდებული იქნება უკვე ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება სწორი გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენი ქვეყანა მიიღებს აღნიშნულ სტატუსს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გამოქვეყნებული მაჩვენებლებით ჩანს, რომ საქართველო ყველა იმ ქვეყანაზე ბევრად წინ არის, ვისაც სტატუსი მიანიჭეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა აღნიშნული 12-პუნქტიანი გეგმა და ვიმსახურებდით სტატუსს, სხვათა შორის, თვითონაც აღნიშნავენ ამას, რომ თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო საქართველო და ეს რის შედეგად – ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გამოქვეყნებული მაჩვენებლებით ჩანს, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა იმ ქვეყანაზე წინ არის ბევრად, ვისაც სტატუსი მიანიჭეს. ასე რომ, ჩვენი ქვეყანა ამას იმსახურებდა, თუმცა მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მოგვანიჭეს ეს 12-პუნქტიანი გეგმა შესასრულებლად. ამას შევასრულებთ, ამასაც გავაკეთებთ და უკვე გადაწყვეტილება მათზე იქნება“, – განაცხადა კალაძემ.