კახა კალაძე - ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური წარიმართება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში
ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც და ზოგადად ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში, წარიმართება მაქსიმალურად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რაც ქვეყანაში 2012 წლიდან დამკვიდრებულ მაღალ დემოკრატიულ და საარჩევნო სტანდარტს უსვამს ხაზს.
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, ჩვენ მოწვეული გვყავდა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია – ყველა მათგანმა ძალზე პოზიტიური შეფასება წარმოადგინა არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით. მინდა, მთელი ჩვენი გუნდის სახელით მკაფიოდ აღვნიშნო, რომ პირველ რიგში ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით წარმართვა და ჩატარება. ამიტომ, როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, მინდა მივმართო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გამოგზავნონ არჩევნებზე დამკვირვებლად, რათა ყველამ ერთად ვნახოთ, თუ როგორი მაღალი სტანდარტით წარიმართება პროცესები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
„აღნიშნული ვიზიტისას მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არის სამართლიანი, კონკურენტული და რაც მთავარია მშვიდობიანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც და ზოგადად ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში, წარიმართება მაქსიმალურად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არარეალისტური განცხადებები ვრცელდება წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ყველას მოვუწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სადამკვირვებლო პროცესს და დაუსაბუთებელი ბრალდებების ნაცვლად, ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული ინფორმაციები წარმოადგინონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს არც გავრცელებულ ინფორმაციასთან და არც ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანთან დაკავშირებით. ასევე, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, ნებისმიერ ინფორმაციაზე რაიმე ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ, რათა არავინ შეეცადოს წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აქვე მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციისა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ქართველი ხალხის თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს.