კახა კალაძე - ხაზარაძის კამპანია, მუქარები აბსოლუტურად სამარცხვინო და გაუგებარია, ადამიანს აქვს სურვილი, პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას
არც ქვეყანაში და არც ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის ადგილი არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ხაზარაძეც იმავე ქმედებებით გამოირჩევა, როგორითაც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ ცნობილი.
„ხაზარაძის კამპანია, მუქარები აბსოლუტურად სამარცხვინო და გაუგებარია. ადამიანი პოლიტიკაში შემოსულია, აქვს სურვილი, პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას. იგივე ხაზია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა წლების განმავლობაში, ანუ ადამიანს თუ აქვს განსხვავებული მოსაზრება, შეხედულება, მას ქვეყანაში არ უნდა ეცხოვრებოდეს. დღეს ჩვენ რომ ვართ ხელისუფლებაში, ხაზარაძისეული პოლიტიკიდან გამომდინარე, ვერც ის და ვერც მისი ოჯახი ქვეყანაში ვერ უნდა ჩერდებოდეს, უნდა იდევნებოდეს. ეს არის მისეული პოლიტიკა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქის ინტერესს დაიცავს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი რადიკალების და, ზოგადად, რადიკალიზმის ადგილი არც ქვეყანაში და არც ქართულ პოლიტიკაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება, განსხვავებული მოსაზრება, პოლიტიკური შეხედულება აქვს, ამ ქვეყანაში ნამდვილად უნდა ეცხოვრებოდეს. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც დაიცავს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესს, შეძლებს ქვეყნის გაძლიერებას, გაერთიანებასა და განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ვერც გაერთიანება და ვერც კიდევ უფრო დაშლა რადიკალურ ოპოზიციას საარჩევნოდ ვერ წაადგება.
„გინდ გაერთიანდნენ და გინდ კიდევ უფრო დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებას მათ მიმართ უკვე აქვს გარკვეული დამოკიდებულება. ეს ვერ შეიცვლება და რეიტინგი ვერ გაიზრდება. კარგად ესმით და იციან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამ პოლიტიკური პარტიების, გინდ გაერთიანებულის და გინდ ცალ-ცალკე აღებულის, მთავარი სამიზნე იქნება, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.