თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
საუბარია ხატია დეკანოიძის მიერ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა: „სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ასეთ მკაცრ სანქციებს აწესებს, ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებენ რაღაც შავ ხვრელებს, რომ დაეხმარონ პუტინს, შექმნას იარაღი, რათა შემდეგ მოკლას“.
როგორც კახა კალაძემ ამ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, საქართველოს ქვეყნის შიგნითაც ბევრი მტერი ჰყავს.
„სამარცხვინოს ვუწოდებ ამ განცხადებას. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვყავს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი მტერი. სამწუხაროა ასევე ის რეალობა, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოვიყენეთ, მაგალითად, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით, მოისმინეთ განცხადებები ელჩების, ჩვენი მეგობრების, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ყველაფერს აკეთებს, თუმცა ასეთი განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკოსების მხრიდან, არის სამარცხვინო“, – განაცხადა კახა კალაძემ.