კახა კალაძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, მსგავსი კანონი ამერიკაში თუ კარგად მუშაობს, ჩვენთვის რატომ იქნება ცუდი
უცნაურია, არავინ საუბრობს იმაზე, მსგავსი კანონი ამერიკაში თუ კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ხალხის ძალის“ მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საჭიროა, რათა იყოს მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოებამ იცოდეს, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე. შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ მთელი რიგი ქვეყნები, სადაც მსგავსი კანონი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც არანაირი პრობლემა არ იქნება. შეგიძლიათ ნახოთ, ამერიკაში მოქმედ კანონს რამხელა სიმძიმე აქვს და შეადაროთ იმ კანონპროექტს, რომლის მიღებაზეც ჩვენთან არის საუბარი. ბოლო დღეებში ვისმენთ ძალიან ბევრ განცხადებას, თუმცა ყველა ზედაპირულად საუბრობს. არის მცდელობა, აღნიშნული კანონპროექტი შეიფუთოს, როგორც რუსული, მის სიღრმეში კი არავინ შედის – თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? რატომ იქნება ჩვენთვის ცუდი? არსებობს საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყნები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებას, რაც ხვალ და ზეგ შეიძლება, პრობლემა იყოს ჩვენთვის და ასევე ევროპისთვის. ამიტომ რატომ წუხან, როცა ჩვენ ამ მიმართულებით გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ? საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, რომელი ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. დანარჩენი, მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება. ამ კანონპროექტს რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას თბილისის მერმა.