კახა კალაძე - ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს
ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, მას ძალიან მალე მოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც საზოგადოებას აჩვენებდა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.
„ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. უბრალოდ, შეუძლებელი იყო, ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. დანარჩენი ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგადად, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რა დამოკიდებულება იყო და დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.
ხაბეიშვილი ვინ არის? არავინ არ არის საერთოდ. ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მას მოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. თქვენ ნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ისინი ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება, თავისი ფარული ჩანაწერებით, ერთმანეთის მიმართ თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ეს მათი საქმეა, არ მინდა, ჩავერიო მათ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ეს ცხადია და გამოკვეთილია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლავთ კეზერაშვილ-მერაბიშვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.