კახა კალაძე - „კეზეროვიჩების“ განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო
„კეზეროვიჩების“ განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას განცხადებას შეეხებოდა.
ლაშა ფარულავამ აღნიშნა, რომ მეტრო სადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ რომ არ არის გახსნილი, ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია – კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობის.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მეტროში სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები.
„კეზეროვიჩების“ განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო, რაც შეეხება გოცირიძის მეტროს. სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. ეს არის მეხუთე კატეგორიის შენობა-ნაგებობა და ექსპლუატაციაში მას იღებს ეკონომიკის სამინისტრო და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მოქალაქეები ისარგებლებენ „გოცირიძის“ მეტროთი“, – განაცხადა კალაძემ.