კახა კალაძე - კეზერაშვილი არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, მის მიმართ კი არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები
კეზერაშვილი არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, მის მიმართ კი არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქოლ-ცენტრების საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ რამდენიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მძიმე ფაქტია, როდესაც ევროპელი პენსიონერების გაძარცვული ფული საქართველოში შემოდიოდა.
„ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითია იმ სქემით, რომლითაც აუბედურებდა ევროპელ პენსიონერებს და ძარცვავდა. კიდევ ერთი დიდი უბედურებაა, რომ ის ფული საქართველოში შემოდიოდა, ფინანსდებოდა პოლიტიკა, ტელევიზიები. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. კონკრეტულ ევროპულ ქვეყნებში გამოძიება მიმდინარეობს, არიან დაკავებულებიც.
ჩემთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია – ის არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, კრიმინალი, მის მიმართ კი არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს აჩენს ეჭვს, რომ ის დროებით სჭირდებათ იმისთვის, რათა მოპარული თანხები საქართველოში შემოიტანოს და ამით პოლიტიკა დააფინანსოს, რაც ძალიან მძიმეა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.