კახა კალაძე - კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ
კახა კალაძე - კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ

კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიღმის ტყე-პარკი წარმოადგენს რეკრეაციულ ზონას, რომელზეც ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქალაქს დაუბრუნდეს და მომავალში იქ საუკეთესო დასასვენებელი სივრცე მოეწყოს.

„დიღმის ტყე-პარკს თბილისისთვის სასიცოცხლო დატვირთვა აქვს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ პარკში არსებული ტერიტორიების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ტყე-პარკში, დაახლოებით, 47 მიწის ნაკვეთია გასხვისებული. ეს არის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და მინდა აქედანვე გავაფრთხილო ყველა, რომ იქ
რაიმე სახის მშენებლობა წარმოუდგენელია. ერთადერთი მხარე, ვინც დაინტერესებულია, რომ ეს ადგილები დაიბრუნოს, გამოისყიდოს და ადგილმონაცვლეობა გააკეთოს, დედაქალაქის მერიაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ მოქალაქეებს, ვინც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ქალაქის მერიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ამ ადამიანებს ტყე-პარკის ტერიტორიაზე რაიმე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არასდროს მიეცემათ, რადგან ეს ტერიტორია ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა“, – განაცხადა თბილისის მერმა.