კახა კალაძე - კერძო არხის ჟურნალისტის მდაბიო გამოხტომები არ უნდა იყოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დალაგების ან არევის კრიტერიუმი
კერძო არხის ჟურნალისტის მდაბიო გამოხტომები არ უნდა იყოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დალაგების ან არევის კრიტერიუმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა: „ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას საგარეო კურსი გაჟღერებული აქვს.
„ლავროვი გამოცდილი პოლიტიკოსია, დიდი პოლიტიკოსია და მას არ უნდა ეშლებოდეს ასეთი რაღაცები. მოწოდებით ვის უნდა მოვუწოდოთ ჩვენ, ხელისუფლებამ, იმ დესტრუქციულ ძალას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს? ჩვენ გაჟღერებული გვაქვს ჩვენი კურსი. ეს არის ევროპაში ინტეგრაცია. რუსეთთან მიმართებით გვაქვს დაბალანსებული პოლიტიკა. ჩვენთვის კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია, რომ იმ რეფორმებით, იმ წინგადადგმული ნაბიჯებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, თუნდაც ასოცირების ხელშეკრულება, თუნდაც ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, მთავარი ამოცანა არის, გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.