თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ საქართველო-აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობასა და პარტნიორობაზე, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ასევე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, თუ რა პროექტები შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სად და რაში შეიძლება დაგვეხმარონ საერთაშორისო ორგანიზაციები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის როლს, სწორ და დროულად გადადგმულ ნაბიჯებს, რაზეც ელჩმა მადლობა გადაგვიხადა”,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ შესანიშნავ თანამშრომლობაზე, რაც ჩვენსა და თბილისს შორისაა; შეხვედრისას ასევე ვისაუბრეთ ღია მმართველობის პარტნიორობაზე, რომელშიც თბილისი მონაწილეობს, შევეხეთ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ინიციატივას, რომლის მიზანიც თბილისში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მერიის გუნდის დახმარებაა. ჩვენ მოუთმენლად ველით მერთან, ქალაქ თბილისთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მრავალ ინიციატივაზე მუშაობას. მართლაც, შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან მიხარია, რომ მომეცა მერთან შეხვედრის შესაძლებლობა“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
შეხვედრაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.