კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ე.წ. მეგობრების კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები, გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაულები ქვეყნისა და ხალხის წინაშე
კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები კანონსაწინააღმდეგოდ მოგვიწოდებენ, პატიმრობიდან გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი აქვს დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საუბარი, თუ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ არ მოგეცემათ კანდიდატის სტატუსი, არ არის ნორმალური.
„წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, რა არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებებისკენ, რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინაშე, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს. გეკითხებით თქვენ: ეს ნორმალურია? ეს ლექსიკა, ეს მიდგომები, ეს დამოკიდებულება ნორმალურად მიგაჩნიათ? ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები? ასე გვინდა, ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა? ასე გვინდა, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა? ასე რომ, პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს. ვისთვის გვინდა ევროპა და ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები? ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ის განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ე.წ. მეგობრებისგან, საერთოდ, მერწმუნეთ, არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიასთან“, – განაცხადა კალაძემ.