კახა კალაძე - კარგად მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ პოლიციის მოქმედება არის მისი პასუხისმგებლობა
ვფიქრობ, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება ყველამ კარგად მოვისმინეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, კითხვაზე, ვინ არის აქციის დაშლასთან დაკავშირებული ბრძანების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დაცულია გამოხატვის თავისუფლება.
„ვფიქრობ, პასუხისმგებლობაზე კარგად მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ პოლიცია როდესაც მოქმედებდა, ეს არის მისი პასუხისმგებლობა. მაგრამ ყველაზე მთავარი არის რა:
შევხედოთ ქრონოლოგიურად როგორ ვითარდებოდა მოვლენები. იყო აბსოლუტურად მშვიდი გარემო, ადამიანები გამოთქვამდნენ პროტესტს, დღესაც გამოთქვამენ და ეს ნორმალურია. ამას ვერავინ შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში. გამოხატვის თავისუფლება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული შეხედულება და პოლიტიკური მოსაზრება ჰქონდეს ამ საკითხზე, ჩვენს ქვეყანაში აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს ეს ყველაფერი, ამაში თავისუფალია და ვერავინ შეუზღუდავს. ეს ხდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ მერე როგორც განვითარდა მოვლენები, პოლიცია არ შევარდნილა და არ დაუწყია ეს ყველაფერი. ჩვენ თუ სწორ ანალიზს არ გავაკეთებთ, რაც არ უნდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, ძალიან რთული იქნება ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი შეფასებით, ყველაფერს უყურებს მომავალი თაობა და მომავალ თაობებთან არასწორი კომუნიკაციის შემთხვევაში, რთული იქნება ქვეყნის წინსვლა, სიმშვიდე და მშვიდობა.