კახა კალაძე - კარგად გვესმის, რომ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად
კარგად გვესმის, რომ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მცხეთაში მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ქართული ცნობიერების ფუნდამენტი, ქრისტიანული კულტურა სწორედ მცხეთის სახელს უკავშირდება.
„მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია, ქალაქი-მუზეუმი, რომლის ისტორიული ძეგლები იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და რითიც თითოეული ქართველი, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვამაყობთ.
ქართული ცნობიერების ფუნდამენტი, ქრისტიანული კულტურა სწორედ მცხეთის სახელს უკავშირდება. წმინდა ნინოს მოღვაწეობა, მირიანისა და მისი ოჯახის გაქრისტიანება, შემდეგ კი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ამ მშვენიერ ქალაქთან არის დაკავშირებული. სწორედ აქ არის დაბრძანებული უფლის კვართი, რომელზეც ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო ძეგლი, სვეტიცხოველი დგას.
დღეს, ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება და ჩვენი ვალია, რომ სწორედ ამ ფასეულობების შენარჩუნებით გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მცხეთას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც რეგიონს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ტურიზმის გარდა, ყურადღება ექცევა მოსახლეობისთვის კონკრეტულ საჭიროებებს, რომელზე მუშაობაც აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაში და ერთად ყველა იმ პრობლემას გადავლახავთ, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.
რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მყისიერად მოგვარება სახელმწიფოს რესურსებისა და ჩვენი მცირე ეკონომიკის პირობებში რთულია, თუმცა ყველანი კარგად ხედავთ, რომ წლების მანძილზე, სახელმწიფო გვერდით უდგას საკუთარ მოქალაქეს, ზრუნავს მის სოცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, უქმნის პირობებს, რათა პროდუქცია აწარმოოს ან მზარდ ტურისტულ სექტორში იმუშაოს და საკუთარ ოჯახში შემოსავალი შეიტანოს. რა თქმა უნდა, ამის ძალიან ბევრი კარგი მაგალითი არსებობს. ეს არის თუნდაც სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ისარგებლა. თუმცა ჩვენ ამ ყველაფერზე არ უნდა შევჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ეს მიმართულებები, რომ მეტი კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ და სხვა სფეროებში განხორციელებულ პროექტებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთავარი სწორება განათლებაზე გააკეთა.
„რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან კონკურენტუნარიანები იყვნენ და შემდეგ მათი განათლება ისევ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
თქვენ იცით, რომ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება არის დაწყებული. იცით, რომ პედაგოგებს გავუზარდეთ ანაზღაურება, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.
იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ახალი სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა. ასევე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ ნორმალურ პირობებში.
მომდევნო წლებში, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი სწორედ განათლება და თითოეული ოჯახის ეკონომიკურად გაძლიერება იქნება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთიანი ძალისხმევით, თანადგომით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ერთ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, პოლიტიკა, ბიზნესი თუ სპორტი, შეუძლებელია, მიაღწიოს წარმატებას, თუ მას ზურგს არ უმაგრებს ძლიერი გუნდი.
„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, მას ექნება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. რადგან ერთ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, პოლიტიკა, ბიზნესი თუ სპორტი, შეუძლებელია, მიაღწიოს წარმატებას, თუ მას ზურგს არ უმაგრებს ძლიერი გუნდი. აქაც თუ არ იქნება თქვენი თანადგომა, შეუძლებელი იქნება წარმატებაზე საუბარი და მე მჯერა, რომ როგორც ეს 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებზე ხდებოდა, მცხეთა ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს.
ამ არჩევნებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ახლაც ღირსეულად გამოვალთ და 41 ნომრით წარდგენილი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.