კახა კალაძე - კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე რა რეჟიმი იყო დამყარებული ქვეყანაში, როგორ ეპყრობოდნენ ციხეებში მსჯავრდებულებს, საზოგადოება გამოუტანს განაჩენს ყველა ადამიანს, ვისთვისაც ეს საამაყოა
კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე რა რეჟიმი იყო დამყარებული ქვეყანაში, რა მდგომარეობა იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის მიმართულებით, რა დამოკიდებულება იყო ბიზნესექტორის მიმართ, როგორ ეპყრობოდნენ ციხეებში მსჯავრდებულებს და ასე შემდეგ. თუ ეს საამაყოა ამ ადამიანისთვის, ვფიქრობ, ყველა ასეთ ადამიანს პარტიას, თუ პოლიტიკოსს საზოგადოება გამოუტანს განაჩენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებაზე, სადაც კოპალეიშვილმა აღნიშნა: „ვამაყობ, რომ ვიყავი ადეიშვილის და გვარამიას მოადგილე, მეამაყება, ვამბობდე, სადაც მე ვმუშაობდი“.
„არ ვიცნობ ამ ადამიანს და გამიჭირდება შეფასების გაკეთება, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე რა რეჟიმი იყო დამყარებული ქვეყანაში, როგორ წარიმართებოდა ყოველდღიური პროცესები, პოლიტიკური პროცესები, როგორი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა. ნამდვილად არ მინდა, გავიხსენო და კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას ის მძიმე ვითარება, რა მდგომარეობაშიც ამყოფებდა მაშინდელი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, რა მდგომარეობა იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, თუნდაც მედიის მიმართულებით, ბიზნესექტორის მიმართ რა დამოკიდებულება იყო, როგორ ეპყრობოდნენ ციხეებში მსჯავრდებულებს და ასე შემდეგ. და თუ ეს საამაყოა ამ ადამიანისთვის, ვფიქრობ, ყველა ასეთ ადამიანს, ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკოსს საზოგადოება გამოუტანს განაჩენს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ქვეყნის მთავრობამ, პოლიტიკურმა ძალამ, პოლიტიკოსებმა იკადრონ და აკადრონ ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მმართველობის პერიოდში გააკეთა, რაც აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. უმძიმესი იყო ის ცხრაწლიანი მმართველობა და, შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შესაბამის პასუხს სცემს ამ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.