კახა კალაძე კანდელაკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე კანდელაკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყოს ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით.

„მიმდინარე წელი ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, განსაკუთრებული იქნება. ამის შესაძლებლობას წლევანდელი ბიუჯეტიც გვაძლევს. დღეს კანდეკალის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული ქუჩა გასულ წელს ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სხვა ქუჩების მსგავსად, სრულად მოწესრიგდება. სამუშაოების ღირებულება 1.5 მილიონამდე ლარია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. გზის საფარი მთლიანობაში, 1,2 კილომეტრზე განახლდება.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ განახორციელებს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.