კახა კალაძე კალათბურთის გულშემატკივრებს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების საქართველოში ჩატარებას ულოცავს
თბილისის მერი კახა კალაძე კალათბურთის გულშემატკივრებსა და საქართველოს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების საქართველოში ჩატარებას ულოცავს.
ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„მინდა, მთავრობის სხდომა სასიხარულო ინფორმაციით დავასრულო – 2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. გუშინ მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა, მათ შორის საქართველოც. ტურნირის მასპინძლობის სურვილის შვიდმა ქვეყანამ გამოთქვა – საქართველომ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, უნგრეთმა, იტალიამ და სლოვენიამ და მათ შორის შეირჩა საქართველო, ჩეხეთი, გერმანია და იტალია.
მინდა, მივულოცო კალათბურთის გულშემატკივრებს და მთლიანად ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში, 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა გუშინ დასახელდა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.