კახა კალაძე - კალანდარიშვილთან მიმართებით, არ მაქვს მოლოდინი, რომ იმ ამაზრზენ ქმედებას ვინმე დაგმობს, ეს არის დავალებები, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნული ასრულებენ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ განხორციელებულ აქტს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რამე გამოხმაურება ექნება.
მისივე თქმით, ეს ჩვეულებრივი დავალებებია, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნული ასრულებენ.
„ჩვენ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ის, რასაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების სახით, რა თქმა უნდა, მოდის გარედან. მათი პატრონები რასაც ეუბნებიან, ეს უსამშობლო, მოღალატე აგენტურა აკეთებს ყველაფერს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ კალანდარიშვილთან მიმართებით იმ ამაზრზენ ქმედებას ვინმე გამოეხმაურება ან დაგმობს. ეს ჩვეულებრივი დავალებებია, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნული ასრულებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა. აღნიშულ ფაქტზე, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.