კახა კალაძე კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, საექსკავაციო სამუშაოები და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
„სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის ორეტაპიანი, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ეტაპი სათადარიგო გზის მოწესრიგებაა. მეორე ეტაპი კი, უკვე ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება. ამასთან, უკვე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი გზაგამყოფის მოწესრიგებაზე, რომლის შედეგადაც, განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა და გარდა იმისა, რომ აეროპორტის მიმართულებით მიდის, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის რეგიონს აკავშირებს. ექვსი თვის განმავლობაში, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტით 7.3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს.
ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, ორ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლა მოხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს თვეში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.
მიმდინარე პროექტს დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე გაეცნო.