კახა კალაძე კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე გზის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ ავარიულ ხიდსაც. დასრულებულ სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი, კახა კალაძე.
„აქ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. შეუძლებელი იყო, ადამიანს ავტომობილით გაევლო. დღეს არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გაკეთებულია სანიაღვრე ქსელი. ასევე ამ პროექტის ფარგლებში, ორი ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა. სოფელ ნასაგურში ცხოვრობს 400-მდე ოჯახი. ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად უწევდათ ამ გზის გავლა ძალიან რთულ პირობებში, უკვე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, – აცხადებს კახა კალაძე.
მისივე თქმით, 2019 წელს იგეგმება ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებისათვის მუშაობის დაწყებაც, რაც, კალაძის თქმით, არა მხოლოდ სამგორის მოსახლეობის, არამედ მთელი თბილისისთვის არის პრობლემა.
სოფელ ნასაგურამდე სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა.